მიმდინარე წლის 1 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და SANS Intitute-ს შორის გაფორმდა ურთიერგაგების მემორანდუმი, რომელსაც ქართული მხრიდან ხელი მოაწერა სააგენტოს უფროსმა ბექა მამარდაშვილმა, ხოლო SANS-იდან დირექტორმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის რეგიონის მიმართულებით - ჯორჯ დანილიუკმა.
SANS Institute-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მიზანშეწონილობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სააგენტოს ათეულობით თანამშრომელს გავლილი აქვს ხსენებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული არაერთი ტრეინინგი და პრაქტიკულ დონეზეა დადასტურებული მოწოდებული მომსახურების მაღალი ხარისხი. უფრო კონკრეტულად კი, ტრეინინგ კურსების დიდი ნაწილი იყო რეალურ ვითარებაში არსებულ სცენარებზე მორგებული და შესაბამისად, მნიშვნელოვნად წაადგა სააგენტოს თანამშრომელთა პრაქტიკული უნარების ზრდას კიბერუსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე როგორიცაა კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება, შეღწევადობის ტესტირება, კომპიუტერული ექსპერტიზა, მავნე კოდის ანალიტიკა და ა.შ.
გარდა ამისა, მხედველობაში იქნა მიღებული ასევე ის გარემოება, რომ სააგენტოს ძალისხმევით და მოცემულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დონის გათვალისწინებით, 2024 წლის ივნისში მოხერხდა თბილისში SANS-ის რეგიონული დონის ტრეინინგ კურსების (იხ. დამატებითი ინფორმაცია ბმულზე: https://infosecmap.com/event/sans-tbilisi-jun-2024/), რომელსაც სააგენტოს თანამშრომლების გარდა ასევე დაესწრო ევროპის (გერმანია, ნიდერლანდები, ხორვატია) და ცენტრალური აზიის (უზბეკეთი და ყირგიზეთი) რესპუბლიკების 10 მდე მონაწილე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მემორანდუმი შინაარსობრივად შედგენილ იქნა იმდაგვარად, რომ იგი სპეციალური ტრეინიგებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სააგენტოსათვის ორგანიზების გარდა, ასევე სააგენტოსთან თანამშრომლობით ითვალისწინებს რეგიონული მასშტაბის ტრეინინგების, კონფერენციების და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვასაც, რომლის ფარგლებშიც საქართველო SANS-ისთვის გახდება რეგიონული ლოკაცია. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ დადებითი იმიჯის ფორმირებასა და მის შემდგომ განმტკიცებას კიბერუსაფრთხოების პროფესიულ წრეებში.